თვითმოტივაციის არსი
მოტივაცია მიზეზია, რომელიც ადამიანის მოქმედებას განაპირობებს. მოტივაციას შეიძლება გვაძლევდეს სხვადასხვა ფაქტორი: ხელფასი, კონკრეტული პიროვნება, სწავლაში ნიშანი... არიან ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ელოდებიან სასწაულს, რათა ცხოვრება მოიწყონ. მაგალითად, ხშირად გვსმენია: „როცა იქნება, გამომიჩნდება რაიმე სამსახური და მეშველება“... ამ დროს არიან ადამიანები, რომლებიც გარე ფაქტორების იმედად არ ცხოვრობენ და ძალისხმევას არ იშურებენ მიზნის მისაღწევად. ისინი თვითმოტივირების ძალით მუდმივად მოქმედებაში არიან და ყველა გზას მოსინჯავენ ხოლმე.
რა არის თვითმოტივაციის არსი ?
თვითმოტივაციისას, პირველ რიგში, მკაფიოდ უნდა გაარკვიოთ, რა გსურთ და უნდა დასახოთ ამისთვის მიზანი - მოკლე ან გრძელვადიანი. ამის შემდეგ უნდა დაიწყოთ იმაზე ფიქრი და ზრუნვა, თუ როგორ მიაღწიოთ ამას. შეგიძლიათ ჩამოწეროთ გეგმა ნაბიჯ-ნაბიჯ მოქმედებისთვის. ასე უფრო რეალურად აღიქვამთ ყველაფერს და როცა თითოეულ ნაბიჯს გადადგამთ, გადახაზოთ შესრულებული დავალება. ასე გაცილებით თავდაჯერებულიც გახდებით და ისიც თვალსაჩინო იქნება, რომ მიზნისკენ მიმავალი გზა შეგიმოკლდათ.
მოტივაცია საჭიროა ცხოვრებაში
რაც მთავარია, დაისახეთ რეალური მიზანი - ის, რაც ნამდვილად ხელეწიფება თქვენი გაქანების ადამიანს. გაითვალისწინეთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. შემოიკრიბეთ გარშემო მხოლოდ ისეთი ადამიანები, რომლებიც წაგახალისებენ თუნდაც ემოციურად და თქვენს ენთუზიაზმს სიხარულით გაიზიარებენ.